“გმირი ნეაპოლში და კერპი სამშობლოში” – BT Sport-ის კომენტატორი კვარაცხელიაზე | VIDEO

“მარადონაზე” საჩემპიონო ზეიმი გაიმართა. ფეხბურთელებმა ჩემპიონობა ფანებით გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე იზეიმეს – აღნიშნული მოვლენა BT Sport-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საჩემპიონო მსვლელობის დროს, ადგილობრივი დიქტორის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას გამოცხადებას ტრიბუნებიდან ოვაციები და შეძახილები მოჰყვა – ნეაპოლელები ქართველი ვარსკვლავის გვარს სკანდირებდნენ, რომელმაც “პარტენოპეის” ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო.

კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არც BT Sport-ის კომენტატორმა დაიშურა, რომელმაც კვარა შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: “ნომერი 77 ხვიჩა კვარაცხელია – გმირი ნეაპოლში და კერპი სამშობლოში“.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “ნაპოლისა” და “ფიორენტინას” დაპირისპირება შედგა. “მარადონაზე” “ნაპოლიმ” ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტი, ზუსტად შეასრულა.