გიორგი ვაშაძე - პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია - მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, რადგან მმართველი ძალა მხოლოდ ამ დროს იხევს უკან

გიორგი ვაშაძე - პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია - მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, რადგან მმართველი ძალა მხოლოდ ამ დროს იხევს უკან

სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახორციელებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში გამოაცხადა პროცედურული ომი და საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, გაუქმებულია. ამ ფონზე, ვაშაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, რადგან მხოლოდ ამ დროს იხევს მმართველი ძალა უკან.

„ქართული ოცნება“ არა უბრალოდ „კლანს“ მფარველობს, არამედ მათ აღიარეს ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენება მოგვცეს ამ სამი დღის განმავლობაში, რომ თვითონ არიან „კლანი“, თვითონ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოში, ძარცვავენ ბიზნესს და ინვესტორებს, სწორედ ამ „კლანის“ მეშვეობით და მათთვის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ეს ძარცვის მექანიზმი ქვეყანაში. ისინი ხელს აფარებენ „კლანს“. რა არის საგამოძიებო კომისია - ხალხის სამსჯავროზე უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვის მიმართაც არის კითხვები და გასცენ პასუხები, რაც არის მტკიცებულებებზე „კლანის“ არსებობასთან დაკავშირებით. სწორედ აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ არის „კლანი“ თავიდან ბოლომდე და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რისი ეშინიათ - ეშინიათ იმის, რომ ჩამოიშლება ეს „კლანი“ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი საჯაროდ არ მოაწერს ხელს ამ „კლანის“ წევრობას. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას -ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ეს პროცესი, მაგრამ მინდა საზოგადოებას მივმართო, „ქართული ოცნება“ უკან იხევს მაშინ, როცა ხედავს ხალხს, როცა ხედავს საზოგადოების ერთიანობას. ამიტომ, აქვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ პროცედურული ომის პარალელურად, რომელიც გაგვიმართეს პარლამენტში და პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია, საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, რადგან სწორედ ჩვენი პროტესტი, ჩვენი ერთიანობა, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდების, საზოგადოების სხვადასხვა წრეების ერთიანობა, არის ერთადერთი გარანტი, რომ მივიღოთ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სანქცირებული მოსამართლეები აღარ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში და უფრო მეტიც, „კლანთან“ დაკავშირებული ყველა ადამიანისგან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა, ამას ითხოვს 12 პუნქტი და ამის საბოტაჟს ახორციელებს ახლა „ქართლი ოცნება“. ჩვენმა ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის გამარჯვებისთვის, აუცილებელია ოპოზიციასთან ერთად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, მედიის ერთიანობა და ერთად დგომა“,- განაცხადა ვაშაძემ.