"ვლადიმერ პუტინის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"ვლადიმერ პუტინის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სი ძინპინს დრო სწრაფად უმთავრდება - და ეს მან იცის. პეკინის გლობალური ძლიერება თავის პიკს უახლოვდება" (ავტორი - ალისტერ ჰიტი, გაზეთის საკვირაო გამოშვების - The Sunday Telegraph-ის რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ვლადიმერ პუტინის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს - ჩინეთის კომუნისტური პარტია. ჩვენდა სასირცხვილოდ, რომელიც სამუდამოდ გაგვყვება, სი ძინპინმა ეფექტიანად მოატყუა დასავლეთი, მკვეთრად გააფართოვა თავისი გლობალური გავლენა და რუსეთი ყველაფერში ჩინეთის პროტექტორატად გადააქცია - ისე, რომ ამ ქვეყნისაგან მხოლოდ სახელიღა დარჩა.

არსებობდა ვარაუდები, რომ რუსეთი სწრაფად უნდა დანგრეულიყო: ბრიტანული, ამერიკული და ევროპული გამბიტების მიზანი ის გახლდათ, რომ მკაცრი სავაჭრო, ფინანსური და ტექნოლოგიური სანქციები, რუსულ ენერგოშემცველებზე (ნავთობზე) ფასების შეზღუდვა და გამოცხადებული ემბარგოები უკრაინისათვის საკმარისი იქნებოდა, რათა კიევს მოსკოვზე გამარჯვება მოეპოვებინა. მაგრამ ეს ნაბიჯები უშედეგო აღმოჩნდა, მიღებულმა ზომებმა არ იმუშავეს. უკრაინელი ხალხის მიერ გაწეული დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ომი ჩიხში შევიდა - ყოველ შემთხვევაში, უკრაინის არმიის კონტრშეტევამდე.

რა არის ამგვარი სიტუაციის მიზეზი?

საქმე ისაა, რომ ჩინეთი შეუმჩნევლად ჩაერია პროცესებში და პუტინის ეკონომიკის გადარჩენა დაიწყო - ტრანსფორმაციული მასშტაბით, რაც გულისხმობს რუსეთიდან ენერგიისა და ნედლეულის იმპორტს ჩინეთში, ხოლო ჩინეთიდან - მზა პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში. დასავლურ სანქციებს მოსკოვი და პეკინი, შეიძლება ითქვას, რომ "ხუმრობად თვლიან". თვითონ განსაჯეთ: მიმდინარე წლის ოთხ თვეში რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა 41,3%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ფულადი გამოხატულებით 73 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. ამ ფულმა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. სხვათა შორის, ჩინეთმა ვაჭრობა გააფართოვა რუსეთის მეზობლებთან - ბელარუსთან, ყაზახეთთან, საქართველოსთან, თურქეთთან - ანუ იმ ქვეყნებთან, საიდანაც რუსეთში ტვირთები ადვილად შედის.

ამიტომაც გასაკვირი არ არის, თუ რატომ არ შეიმჩნევა რუსული საზოგადოების მკვეთრი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. დიახ, მოსკოვში უკვე აღარ არის "მაკდონალდსი", მაგრამ მატულობს ჩინური ავტომობილების რაოდენობა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი დასავლური ტექნოლოგიებისა და პროდუქციის დეფიციტს ვერ გადაიტანსო, მაგრამ კრემლი ჩინურ კონკურენტუნარიან პროდუქციაზე გადაერთო.

პრინციპი "სამსახური სამსახურის წილ" იმით გამოიხატება, რომ რუსეთის "სიცოცხლე" ახლა ჩინეთის კომპარტიის ლიდერზეა დამოკიდებული. ამიერიდან მოსკოველი ხაზინადარი კუნთებს მხოლოდ ჩინეთის იმედით აათამაშებს. ასეთი სიტუაცია პეკინელი მერკანტილისტების ტრიუმფს ნიშნავს - მათ სამუდამოდ მოახერხეს რუსეთის გადაყვანა ჩინეთის ორბიტაზე. თუ ვლადიმერ პუტინი, განდიდების მანიით შეპყრობილი ამაზრზენი პიროვნება, ამ კატასტროფულ ომს გადაიტანს, მაშინ იგი მუდამ სი ძინპინის ვასალი იქნება, დამცირებული და შერცხვენილი. შექმნილი სიტუაციიდან ჩვენთვის პლუსი ის იქნება, რომ კრემლი ვეღარ გაბედავს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას და, შესაბამისად, ატომური ომის ალბათობა შემცირდება: სი ძინპინი ვლადიმერ პუტინის უგონო პოლიტიკას ვეტოს დაადებს.

უეჭველია, რომ ჩვენ ახლა ნამდვილად ახალი ცივი ომის პერიოდში ვიმყოფებით - იმ ცივი ომისა, რომელიც ამჯერად დასავლეთსა და ჩინურ ცივილიზაციას შორის მიმდინარეობს. განვითარებადი ქვეყნები ამას ხედავენ და ცდილობენ, რომ ამ ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში რომელიმე მხარის პოზიციაზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყნებში ჩინეთის რეპუტაცია მტკიცდება, ამერიკისა კი სუსტდება - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყალობით.

ჩინეთი უკვე გამოვიდა საუდის არაბეთისა და ირანის დავის საქმეში "მომრიგებელი მოსამართლის" როლში, რითაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას საფრთხე შეუქმნა. ბრაზილიის მემარცხენე პრეზიდენტმა ლუის ინასიუ სილვა და ლულამ სი ძინპინთან ურთიერთობა "გადატვირთა". აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში "ცისქვეშეთი", თავისი ინიციატივის - "ერთი სარტყელი, ერთი გზის" გაფართოების ჩარჩოებში, კარგი რეპუტაციით სარგებლობს - პროექტს ხომ თან მილიარდობით ფული ახლავს. პეკინი ცდილობს, ადგილობრივი სიმდიდრე მიისაკუთროს, ის არღვევს ბრიტანულ თანამეგობრობასაც. ინდოეთიც კი რუსულ ნავთობს ყიდულობს.

და მაინც, ყველა ამ გამარჯვების მიუხედავად, ისტორიკოსებმა ამჟამინდელი მომენტი ჩინეთის ძლიერების პიკად უნდა ჩათვალონ, რის შემდეგად დაღმასვლა დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა დიდ წარმატებას მიაღწია ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ახალი ტექნოლოგიების სფეროში, ჩინური ეკონომიკის სწრაფი ზრდის პერიოდი უკვე დასრულდა, სამი მიზეზის გამო:

პირველი - სი ძინპინი მკაცრად გაუსწორდა ჩინელ ოლიგარქებს, მეწარმეებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ხელს უწყობდნენ. ჩინეთის კომპარტია ისევ ყველაფერს აკონტროლებს, წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, როცა ძალაუფლების დამოუკიდებელი ცენტრები მეტ-ნაკლებად მაინც არსებობდა. ჩინეთში ნამდვილი კაპიტალიზმი უკვე მკვდარია.

მეორე - მკაცრი ანტიკოვიდური კარანტინები და პანდემიის გარცელების ნამდვილი ფაქტების დამალვა იმას მოწმობს, რომ ჩინეთი პრინციპულად ისევ დახურულ ქვეყნად, დახურულ საზოგადოებად რჩება. "ცისქვეშეთში" აღარ არსებობს რეალური ინდივიდუალური თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მდგრადი ეკონომიკური ბუმი მოსალოდნელი არ არის.

და ბოლოს, მესამე, რომელიც შეიძლება პირველზე და მეორეზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს - ჩინეთის მოსახლეობა გასულ წელს თითქმის ერთი მილიონი ადამიანით შემცირდა, რაც მოახლოებულ დემოგრაფიულ კატასტროფას მიანიშნებს: ათობით ქალაქი მოჩვენებად გადაიქცევა, ჩამოიშლება საბანკო სისტემა, ეკონომიკას პერმანენტული სტაგნაცია დაემუქრება, შეიქმნება შრომითი რესურსების დეფიციტი... და ამ დროს მატულობს ინდოეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოსახლეობის რიცხვი... შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩინეთი სამუშაო დროის ხანგრძლივობას არ გაზრდის, მაშინ, სამუშაო ძალის დეფიციტისა და რეპრესიული სისტემის პირობებში, აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკის დღევანდელი მეტ-ნაკლები თანაფარდობა მკვეთრად დაირღვევა აშშ-ის სასარგებლოდ.

ჩინური მოდელის ნაკლოვანება უკვე იგრძნობა: დასავლეთის რიგი ქვეყნები, მაგალითად, იტალია, უკვე ცდილობენ, თავი შორს დაიჭირონ ჩინური პროექტიდან - "ერთი გზა - ერთი სარტყელი". ბევრმა ჯერაც ვერ გააცნობიერა პრობლემის მასშტაბურობა, მაგრამ დასავლეთი უკვე მეტ ყურადღებას უთმობს ჩინეთის ჩრდილოვან მხარეებს - მართვის ავტორიტარულ ხასიათს, მის მიდრეკილებას ჯაშუშობისაკენ და თვალთმაქცობისაკენ...

მოკლედ, პრემიერ დევიდ კემერონის ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობის "ოქროს ხანა", შეიძლება ითქვას, წარსულს სამუდამოდ ჩაბარდა. ის, რომ დიდი ბრიტანეთი Aukus-ის პაქტის მონაწილე გახდა, კარგი ნაბიჯია - ლონდონი წყნარი ოკეანის პარტნიორობაში მონაწილეობს, რომლის ერთ-ერთ მიზანს ჩინეთის გავლენისადმი წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენს. ამერიკაში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ან რონ დესანტისის არჩევნებში გამარჯვება ხელს შეუწყობს აშშ-ის ეკონომიკის დაშორებას ჩინეთის ეკონომიკისაგან.

რა იქნება შემდეგ? შეგვიძლია თუ არა თავიდან ავიცილოთ ისეთი კატასტროფული გლობალური კონფლიქტი, რომელიც კაცობრიობას, უკეთეს შემთხვევაში, 50 წლით უკან დასწევს? დიდ ბრიტანეთს უკეთესის იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, იმავდროულად, უარესისთვის უნდა ემზადებოდეს. წყარო