"გარკვეული ინფორმაცია უკვე არსებობს იმ დანაყოფზე, რომლის წარმომადგენლებმაც ქართული დროშა შეურაცხყვეს... ისინი სათანადოდ დაისჯებიან" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი

"გარკვეული ინფორმაცია უკვე არსებობს იმ დანაყოფზე, რომლის წარმომადგენლებმაც ქართული დროშა შეურაცხყვეს... ისინი სათანადოდ დაისჯებიან" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ამაზე ნეგატიური არაფერი მომხდარა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პუტინს გზა გაუხსნა ოკუპაციისათვის, არადა საქართველოს დეოკუპაცია სჭირდებოდა", - ასე ეხმაურება უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 15 მაისიდან რუსეთი აუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბრძანებას ხელი პუტინმა უკვე მოაწერა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ გუნდში ყველაფერი გაანალიზეს და გადაწყვეტეს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლის გაადვილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ამბის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები ქართულ დროშას შეურაცხყოფენ და ქართველ ხალხს ემუქრებიან. როგორია უკრაინაში მებრძოლი ქართველების პოზიციები, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და როგორ ემზადებიან ისინი კონტრშეტევისთვის, ამის შესახებ მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება.

- არც კი მინდა დავიჯერო, რომ ქართველი ხალხი მიესალმება ამ ამბავს. უცნაურია, მთელი ცივილური სამყარო ცდილობს, გაემიჯნოს რუსეთს, ჩვენი ხელისუფლება კი ამ დროს ცდილობს, რაც შეიძლება მჭიდრო კონტაქტში იყოს რუსეთთან. ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოგვიტანს.

- თქვენი ინფორმაციით, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, უკრაინის სახელისუფლებო წრეებში?

- ძალიან ნეგატიური. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს, როგორც ტერორისტულ რუსეთთან მოკავშირე ქვეყანას, სანქციები დაუწესდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერს, რომ საქართველოს სახე შევუნარჩუნოთ, მაგრამ "ქართული ოცნების" მოქმედებების შედეგად უფრო და უფრო გვიჭირს ამის გაკეთება.

- სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ორმა ვიდეოჩანაწერმა, რომელთაგან ერთ-ერთში სამი ნიღბიანი პიროვნება "ქართული ლეგიონის" შევრონებით აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ძალადობით, ქალებსა და ბავშვებს კი - გაუპატიურებით ემუქრება, მეორეში კი რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ორი ნიღბიანი საქართველოს სახელმწიფო დროშას შეურაცხყოფს. "ქართული ოცნების" ლიდერები, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროვოკაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას ისახავს მიზნად. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ, ამასთან დაკავშირებით?

- არ მიკვირს "ქართული ოცნებისგან", მაგათ არც ის სჯერათ, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ აგრძელებენ საკუთარი მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრას. სინამდვილეში, მათ ძალიან კარგად იციან, როგორც "უყვართ" რუსებს ქართველები. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ქართველი ხალხი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კაპიტულაციას არ დაუშვებს. თავმოყვარე ერი არ დაუშვებს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას იმ ტერორისტულ ქვეყანასთან, რომელმაც მისი ტერიტორიის 20% მიიტაცა, რომელიც დღემდე იტაცებს, აწამებს და კლავს ქართველებს. მე შემიძლია ვუთხრა "ქართული ოცნების" ლიდერებს, რომ გარკვეული ინფორმაცია უკვე არსებობს იმ დანაყოფზე, რომელთა წარმომადგენლებმაც ქართული დროშა შეურაცხყვეს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სათანადოდ დაისჯებიან.

  • უკრაინაში დღეს არსებული ვითარების შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ? დღეს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა კონტრშეტევას იწყებს.
  • - უკრაინა ჯერ კიდევ არ არის მზად აქტიური კონტრშეტევის დასაწყებად. თუმცა კონტრშეტევა უკვე მიმდინარეობს პასიურ ფაზაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მომარაგდეს შეტევისათვის საჭირო იარაღით და აქტიური კონტრშეტევა მერე დაიწყოს. არტილერიის ნაწილი ინგლისმა უკვე გადასცა უკრაინას, დანარჩენ ნაწილსაც ელოდებიან. ახლა ძალიან ნიშვნელოვანია ავიაციის გადმოცემა. ძალიან კარგად უნდა მოემზადოს უკრაინა ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამის შემდეგ დაიწყოს აქტიური კონტრშეტევა.

    - რა ხდება ახლა ბახმუტთან, რომელიც ისევ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება?

    - ბახმუტში 50%-ზე მეტი აღარ არსებობს, რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს. დანარჩენ ნაწილში კონტაქტური ბრძოლები მიმდინარეობს.

    - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კონტაქტურ ბრძოლაში სულ ახლახან ქართველები დაღუპნენ.

    - ჩემი ინფორმაციით, უკრაინული 92-ე ბრიგადიდან ერთი ქართველი დაიღუპა, მეორე მძიმედ არის დაჭრილი. ისინი ხარკოვის მიმართულებით იბრძოდნენ.

    - რაც შეეხება პრიგოჟინის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს, ის ამბობს, რომ ბახმუტის დატოვებას აპირებს. როგორია თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია, პრიგოჟინი შეიძლება სიმართლეს ამბობდეს თუ რაიმე ხრიკია?

    - "ვაგნერელების" დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა უკრაინა. პრიგოჟინს ბახმუტიდან გასაყვანი აღარავინ ჰყავს, თუმცა ჩვენ ყველანაირი პროვოკაციისთვის მზად ვართ.