მატჩის დღე! ხვიჩას კვლავ დაასვენებენ? - ოსიმენს ლაუტარო ისევ წამოეწია...

მატჩის დღე! ხვიჩას კვლავ დაასვენებენ? - ოსიმენს ლაუტარო ისევ წამოეწია...

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია (არასრული) დარჩენილი. დღეს, 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე უკვე სამგზის ჩემპიონი "ნაპოლი" "მონცას" ესტუმრება. ტიტულის გაფორმების მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდისგან მოტივირებულ და შედეგიან თამაშს ველით.

ლეგენდარული "მილანის" შემქნელების, სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის "მონცა" იტალიური ფეხბურთის ელიტას 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ამბიციურად დაუბრუნდა. უკვე მე-2 ტურში, 21 აგვისტოს, "დიეგო მარადონაზე" ისინი (0:4) განადგურდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ კი იტალიურ კარიერაში ერთადერთი დუბლი სწორედ აქ შეასრულა. "ყოჩაღ, ქართველო!" - კვარაცხელია ჩვენს "გაგიჟებას" აპირებს..." - ასე გამოვეხმაურეთ მაშინ მატჩს.

ხვიჩას ახლა გოლი ცოტათი მოენატრა, კიდეც და იქნებ ეს ბრიანტეოში შეძლოს.

ამის შემდეგ, რაფაელ პალადინოს გუნდი ძალიან შეიცვალა, ტოლს არავის უდებს, "იუვენტუსი" და "ინტერიც" კი დაამარცხა და მთავარი მწვრთნელი "ოქროს სკამისთვის" ბრძოლაში სპალეტის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. სერია "ა"-ში გამარჯვებული კი გაირკვა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ერთ დროს ნეაპოლელთა მთავარი კონკურენტი "ლაციო" მეოთხე ადგილამდე დაეშვა და "მილანი" რომ არ დამარცხებულიყო (0:2 სპეციასთან), მისი დაკარგვის საგრთხე რეალური იქნებოდა.