თუ ხვიჩა ნაპოლიში დარჩა - როგორ შეინარჩუნებს გუნდი ამბიციებს და ექნება თუ არა რესურსი?!

თუ ხვიჩა ნაპოლიში დარჩა - როგორ შეინარჩუნებს გუნდი ამბიციებს და ექნება თუ არა რესურსი?!

"ნაპოლი" სკუდეტოს მალე ოფიციალურად გაიფორმებს. ახლა აქ ზეიმის დროა, თუმცა დარწმუნებული ვართ, მომავალზეც ფიქრობენ. ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ტრანსფერებში კარგად რომ ერკვევა, ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითზეც ვნახეთ. ის, რაც სხვა კლუბებმა რისკად ჩათვალეს, აქ თამამად განახორციელეს და ეპოქალური ტრანსფერი "გაჩარხეს" - რომ არა "კვარა", ნანატრი სკუდეტო რამდენად რეალური იქნებოდა?!

კიმ მინ ჯეს ტრანსფერიც სამაგალითოა. ყველაფერი ეს უკვე ძველი ამბავია, აურელიო დე ლაუტენტისი და მისი გუნდი კი ახლა მომავალზე ფიქრობენ. ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე ძალიან აქტიურად წერენ და მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ

- ლუჩანო სპალეტი ყველაფერს გააკეთებს, ორივე ლიდერმა ერთდროულად არ დატოვოს. ქართველი გარემარბი ჭორებით არ უნდა დავღალოთ, თუკი სიახლე იქნება, ერთად ვნახავთ; ახლა კი იმაზე უფრო ვფიქრობთ, როგორი იქნება "ნაპოლი" მომავალ სეზონში...

Sportall.Ge

ედინსონ კავანის ტრანსფერი გვაფიქრებინებს, რომ ნეაპოლში იდეალური დროის შერჩევა კარგად იციან - ის მცირე თანხებით შეიძინეს, დიდი კარიერაც შექმნა და შემდეგ პსჟ-მა ბევრიც გადაიხადა. ვიქტორ ოსიმენი 24 წლისაა, მესამე სეზონია გუნდშია, წელს საუკეთესო ბომბარდირი ხდება და ჩემპიონობასაც მოიპოვებს. ახლა ნიგერიელის სატრანსფერო ფასი ძალიან მაღალია (125-130 მლნ ევრო) და მის გასასხვისებლად ამაზე კარგი დროის შერჩევა შეუძლებელია. როგორც იწერება, წასვლაზე უარს არც "კვარასთან" ძალიან კარგად შეთამაშებული "ცხრიანი" ამბობს. ბოლოს მისით "ბაიერნის" სერიოზულ დაინტერესებაზე წერდნენ, რომელსაც ფორვარდის პრობლემა აქვს (მხოლოდ ჩუპო მოტინგი ჰყავს). დაიწერა სადიო მანეს შესაძლო გაცვლაზეც. სენეგალელი ისე ვერ გამოიყურება, როგორც "ლივერპულში". არის პსჟ-ის ვარიანტიც. თუკი ნეაპოლელთა განკარგულებაში 130 მილიონი იქნება, კარგი ფორვარდის პოვნა არ უნდა გაუჭირდეთ.

ერთია, როცა მანეზე ვსაუბრობთ, ამავდროულად კი, ქართველი გარემარბის მაგალითზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქაურებს ნაკლებად ცნობილი მოთამაშის წარმატებული ტრანსფერიც გამოსდით. ახლა საუბრები მიდის არგენტინელ ტიაგო ალმადაზე, რომელიც MLS ლიგაში გამოდის. 22 წლის შემტევი სწრაფი და ტექნიკურია, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კი 3 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა. ალმადა მსოფლიო ჩემპიონია - მხოლოდ 8 წუთით, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

Sportall.Ge

ნეაპოლურ კლუბს გაძლიერება ყველგან დასჭირდება. საჭიროა ისეთი მეკარე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება, როგორიც, მაგალითად, "მილანში" მაიკ მენიოა. მერეტი კარგი კიპერია, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობს; გუნდში კიმის დონისა და შესაძლებლობების სხვა ცენტრალური მცველი არ თამაშობს და ამაზეც იფიქრებენ; მარიო რუის საკითხი წლებია უცნაურად ვითარდება, მწვრთნელები იცვლებიან, ის კი ყველგან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, გულშემატკივრებში კი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, უფრო დიდი კონკურენტი იქნება საჭირო, ვიდრე მატიას ოლივერაა. არადა, კვარაცხელიასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მის ფრთაზე ვინ ითამაშებს...

სატრანსფერო შეთავაზებები სტანისლავ ლობოტკასაც ექნება, მის გარეშე კი ეს "ნაპოლი" ძალიან სუსტად გამოიყურება. ნახევარდაცვაში ბევრი სიახლეა საჭირო. არსებული ფეხბურთელებიდან პროგრესის ყველაზე დიდი რესურსი მაინც ელიფ ელმასს აქვს, თუმცა მისთვის ოპტიმალური პოზიციის შერჩევა გართულდა. ამ რგოლზე ჯუნტოლის ბევრი მუშაობა დასჭირდება.

ხვიჩა კვარაცხელიას ამბიციების შესახებ ვიცით და ძალიან გვსურს, მან მომავალ სეზონშიც ასეთ გუნდში ითამაშოს!..