სანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

სანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

21 ივნისიდან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატში მასპინძლის სტატუსით რომ ჩავერთვებით, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ფორუმზე მონაწილეობის უფლება არაერთ უკვე ცნობილ ფეხბურთელს ჰქონდა, თუმცა ყველგან უპირატესობა ეროვნულ გუნდებს მიენიჭათ, რომლებიც საკუთარ მატჩებს ამავე პერიოდში მართავენ. ქართველი ახალგაზრდების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე დიდი დილემის წინაშე იყო და ამაზე საკმაო ხანია, რაც ვუთითებდით. ნებისმიერი გადაწყვეტილება სამსჯელო იქნებოდა. საბოლოოდ, ის მოთამაშეები, რომლებიც 2000 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ არიან დაბადებული და ახლა ვილი სანიოლის განკარგულებაში იმყოფებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის წინ შეუერთდებიან. ამ გადაწყვეტილებას თავისი

უარყოფითი მხარე აქვს, პირველ ტურში დაფიქსირებული შედეგისა და თამაშის ხარისხის მიუხედავად, შემდეგ ამხელა ცვლილება და საკმაოდ გადაღლილი ფეხბურთელების გამოყენება რისკებთანაა დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ გვარები, რომლებიც 21-წლამდელებს ეროვნულიდან უნდა შეუერთდნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე...

Sportall.Ge

სასტარტო მატჩში პორტუგალიელ თანატოლებს ვეთამაშებით (ჯგუფში ბელგია და ნიდერლანდებიცაა). მართალია, ჯერ საბოლოო განაცხადი ცნობილი არაა, მაგრამ არსებულ კონტინგენტზე და მათზე, ვინც პირველ ტურში შესაძლოა ითამაშონ, საუბარი შეგვიძლია.

მეკარე


ახალგაზრდული ნაკრების კარს ამხანაგურ მატჩებში ლუკა კუტალაძე იცავდა. ის გასულ წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. თბილისურ კლუბს ტრავმის შემდეგ რაც დავით კერესელიძე (მას 21-წლამდელებში თამაშის უფლება არ აქვს) დაუბრუნდა, კუტალაძემ სათამაშო პრაქტიკა დაკარგა.

სიაში მეკარისთვის კიდევ ერთი ადგილია (ერთი მამარდაშვილი იქნება. ის გუნდს მოგვიანებით შეუერთდება და სასტარტოში ადგილს დაიკავებს) - ან "თელავის" მეკარე ლევან თანდილაშვილი უნდა იყოს, რომელიც ასევე ცოტას თამაშობს, ანაც ნოდარ ყალიჩავა. ის ახლა მართლაც კარგ ფორმაშია. "სამგურალის" კიპერმა სასტარტო შემადგებლობაში ცოტა ხნის წინ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ლევან შოვნაძის ადგილი დაიკავა. ვნახოთ, სამწვრთნელო შტაბი ვის დაეყრდნობა.

Sportall.Ge

მცველები


საბა საზონოვი ახალგაზრდულ ნაკრებშია და ცენტრალურ მცველს ძირითად შემადგენლობაში ველით. ის მარჯვენა ფეხით მოთამაშეა, მის მეწყვილედ კი თბილისის "დინამოელი" ალექსანდრე კალანდაძე უნდა განვიხილოთ. კიდევ ერთი მისი თანაგუნდელი საბა ხვადაგიანია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, უფრო მარჯვენა ცენტრალური მცველია და კონკურენციაში საზონოვთან იქნება. სასტარტოში თამაშის პრეტენზია ასევე "საბურთალოელ" ივა გელაშვილს აქვს. ეს ის ამპლუაა, სადაც ეროვნული ნაკრებიდან გუნდს არავინ ემატება.

გიორგი გოჩოლეიშვილი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას თამაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია, თუმცა იმ კონტინგენტიდან გამომდინარე, რომელიც სვანაძის გუნდს უნდა შეუერთდეს, ის უფრო მარჯვენა მცველად (4-მცველიან ტაქტიკაში) წარმოგვიდგენია, სადაც პირველ ტურში "საბურთალოელ" ცოტნე კაპანაძეს ველით. მან ეროვნული ლიგის ბოლო ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მარცხნივ მისი თანაგუნდელი ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა იქნება. "საბურთალოს", ომარ თეთრაძის თავკაცობით, წარმატებული სეზონი აქვს, ჯინჯოლავა კი, რომელსაც "კადისშიც" უთამაშია, გასულ ევროტურნირებზე კარგი თამაშითაც გვახსოვს. ჯემალს კონკურენციის გაწევა აზაროვისთვისაც შეუძლია.

Sportall.Ge

ნახევარმცველები


თბილისის "დინამო" ახლა ცუდ ფორმაშია, ანზორ მექვაბიშვილსაც ბევრი გაუცდა, თუმცა ის 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ღერძია, რომლის თამაშზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. გიორგი ხარაიშვილის გუნდში მისვლის შემდეგ გიორგი მოისწრაფიშვილი ცოტას თამაშობს და მას სასტარტოში არ ველით. ბოლო დროს ნოდარ ლომინაძის თამაშით ყველა აღფრთოვანებულია. 21 წლის საყრდენს თანამედროვე ნახევარმცველის ყველა უნარი აქვს - ართმევა, ხედვა, შექმნა, გატანა. ისიც თბილისის "დინამოს" აღზრდილია, შემდეგ "გაგრაში" თამაშობდა და ახლა წყალტუბოელთა წარმატების ერთ-ერთი შემოქმედია. ტრავმა ჰქონდა შოთა ნონიკაშვილსაც. ის "საბურთალოს" მაისიდან დაუბრუნდა, ბევრი დრო არ ეძლევა, თუმცა გატანა მაინც შეძლო.

თუ სვანაძე სამი ნახევარმცველით თამაშს გადაწყვეტს, აქ ნიკა გაგნიძის ადგილი აუცილებლად უნდა იყოს, რომელიც გორის "დილაში" ძალიან შედეგიანი და პროდუქტიულია (4 გოლი, 2 საგოლე პასი). მას თურქული კარიერა არ აეწყო და მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. უკვე მეორე ტურისთვის აქ მეორე გაგნიძეც იქნება, მოსკოვის "დინამოელი" ლუკა. გუნდში ბევრი საინტერესო ნახევარმცველია - ძმები მამაგეიშვილები და ხორხელები, ასევე, სანიოლის მიერ გორეცკასთან შედარებული გაბრიელ სიგუა.

Sportall.Ge

შეტევა


ჩვენი მთავარი გაძლიერება შეტევის ხაზში მოხდება (კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე), მანამდე კი იმათზე ვიმსჯელოთ, ვინც პორტუგალიელებს დაუპირისპირდება. ახალგაზრდულ ნაკრებშია გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც პირველ მატჩში მაინც წინა ხაზზე უნდა ითამაშოს. გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია (ფინალში გაიტანა), ახლა კარგი საკლუბო პერიოდი არ უდგას და მისთვის მომავალი ტურნირი კარგი სამოტივაციო უნდა იყოს. "სარაევოში" მოთამაშე გიორგი გულიაშვილმა ბოლოს 21-წლამდელების ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ამ გუნდს ძალიან კარგად ერგება გიორგი კვერნაძე, რომელიც ახლა ბათუმის "დინამოშია" და იტალიური მედიის ყურადღების ქვეშაა.

ფორვარდის პოზიციაზე უალტერნატივოდ გიორგი გაგუა უნდა განვიხილოთ, რომელსაც ესპანეთის ქვედა ლიგაში გააქვს, ისე კი, თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს - ზონების გათავისუფლება, მოძრაობა, პასი.