კვარაცხელია უკვე მითოსის ნაწილია - ეს ისტორია სხვაგან ვერ დაიწერებოდა

კვარაცხელია უკვე მითოსის ნაწილია - ეს ისტორია სხვაგან ვერ დაიწერებოდა
  • სპალეტი ერთ-ერთი საუკეთესოა სისტემური ფეხბურთის დაყენებაში
  • ნაპოლი საუკეთესო იყო ბურთის გათამაშებაში და მაღალ პრესინგში
  • კვარაცხელიას და კიმის ტრანსფერებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა
  • ლობოტკა ნაპოლის სათამაშო სტილს დიდწილად განსაზღვრავს
  • სკუდეტო ნაპოლიში ხვიჩასთვის ისტორიული მნიშვნელობის სკუდეტოა

‘არ იციან, რას ვერ მოესწრნენ’ – 36 წლის წინ ასე გამოიყურებოდა დღეს უკვე ძალიან ცნობილი წარწერა ნეაპოლის სასაფლაოზე. მაშინ, შორეულ 1987 წელს ასე მიმართავდნენ ნეაპოლელები გარდაცვლილ თანამოქალაქეებს - ნაპოლის პირველი სკუდეტო იმდენად დიდი მოვლენა იყო, რომ ნეაპოლის ისტორიაში ის ათვლის წერტილად მიიჩნეოდა, ის იყო ისტორიული წყალგამყოფი, რომელსაც ან მოესწარი, ან - ვერა.

თუმცა, 1987 წლის სკუდეტოს სხვა მოცემულობაც ჰქონდა - მას ელოდებოდნენ. პირველი და ისტორიული ჩემპიონობისთვის ნეაპოლში დიეგო მარადონა ჩაიყვანეს და კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა კორადო ფერლაინომ საჩემპიონო ნაპოლი ნაბიჯ-ნაბიჯ ააშენა. დიეგოსთან ერთად გუნდს დაცვაში ჩირო ფერარა, ნახევარდაცვაში ფერნანდო დი ნაპოლი, შეტევაში კი ბრუნო ჯორდანო და (ცოტა მოგვიანებით) კარეკა შეუერთდნენ. იმ დროისთვის ძალიან სოლიდური გუნდი იყო. 1986 წლის სეზონი ნაპოლიმ მესამე ადგილზე დაასრულა და შემდეგ წელს სკუდეტო იმ გუნდისთვის ლეგიტიმური მიზანი იყო. იმ ნაპოლიმ, მართლა ძალიან კარგმა გუნდმა, მთელი ერა შექმნა - ორი სკუდეტო, უეფას თასი, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

'არ იციან, რას ვერ მოესწრნენ' - წარწერა ნეაპოლის სასაფლაოზე
'არ იციან, რას ვერ მოესწრნენ' - წარწერა ნეაპოლის სასაფლაოზე

წლევანდელ სკუდეტოს არავინ ელოდა. აურელიო დე ლაურენტისი კორადო ფერლაინოსგან დიამეტრულად განსხვავებული კაცია. ფერლაინო მეოცნებე გახლდათ, მზად იყო, ისტორიული სკუდეტოსთვის ყველაფერი გაეღო. დე ლაურენტისი ჭკვიანი და ფრთხილი ბიზნესმენია. მას სკუდეტო, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდოდა, თუმცა ფინანსების ზომიერი ხარჯვის, ფრთხილი სატრანსფერო კამპანიის და ლიდერების მუდმივი გაყიდვის ფონზე. სწორედ ამიტომ აღნიშნავს ის ასე სიამაყით, რომ მან სკუდეტო ვალების გარეშე მოიგო.

დე ლაურენტისი ფერლაინოსგან განსხვავებით არასოდეს წასულა ისეთ ფინანსურ რისკზე, როგორც 1984 წელს დიეგოსთვის გადახდილი 12 მილიონი დოლარი იყო (თუმცა, სხვა ვერსიით ეს ფული ფერლაინოს ‘კამორას’, ჯულიანოს კლანმა მისცა). დე ლაურენტისმა უფრო ისეთი გუნდი ააშენა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის სტაბილურად იბრძოლებს, თუმცა სკუდეტო მისთვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რთული მიზანია. ასეთი გუნდი იყო ჯერ ვალტერ მაცარის ნაპოლი თავისი ლავეცი-კავანი-ჰამშიკის სამეულით და შემდეგ მაურიციო სარის მიერ შექმნილი გუნდი მისთვის სახასიათო სათამაშო სტილით, ე.წ. "სარიბოლით".

სარის გუნდი სკუდეტოს ერთი ხელის გაწვდენაზე რამდენჯერმე მივიდა. ერთხელ ეს სკუდეტო სულაც ბოლო ტურებში დაკარგა. იყო 91 ქულით მეორე ადგილიც. შემდეგ სარი წავიდა და სარის მიერ შექმნილ ღერძზე, ნაპოლი ჩემპიონობას კიდევ ერთხელ, წინა წელს მიუახლოვდა. იქამდე, სანამ მილანი საჩემპიონო აჩქარებას დაიწყებდა, სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ნაპოლის, მილანს და ინტერს თანაბარი ქულები ჰქონდათ და მეტოქეებზე იოლი ცხრილის ფონზე ნეაპოლელებს თითქოს ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი მიეცათ. არაფერი გამოვიდა, იმიტომ, რომ ნაპოლის დაავადება ყოველთვის გადამწყვეტი თამაშების წაგება იყო.

ამის შემდეგ დე ლაურენტისი გუნდის განახლების გზით წავიდა და სარის გუნდის ბოლო საფუძვლები დაანგრია. გუნდიდან წავიდნენ კალიდუ კულიბალი, წლების მანძილზე ნაპოლის დაცვის ბურჯი და ლიდერი, გუნდის სულიერი თავი, მისი მთავარი სიმბოლო ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და ფაბიან რუისი, მოედნის ცენტრის ლიდერი. რუისის გარდა, წინა სამეულს უკვე ვეტერანი ეთქმოდა. ამიტომაც, დე ლაურენტისმა მათ კონტრაქტები აღარ გაუხანგრძლივა (გითხარით უკვე, რომ ეგ კაცი ჯერ ბიზნესმენია და მერე გულშემატკივარი) და გუნდი ფაქტობრივად დაშალა.

ამ ფონზე ნაპოლის წლევანდელი წელი გარდამავალ სეზონად გამოიყურებოდა, სეზონად, როცა ნაპოლის ახალი, კონკურენტული გუნდის მშენებლობა უნდა დაეწყო. ვინ მოელოდა იტალიაში კულიბალის ნაცვლად მისული სამხრეთკორეელი კიმისა და ბათუმის დინამოდან ინსინიეს შემცვლელად გადმოსული 21 წლის ბიჭისგან საჩემპიონო ამბებს?! არც არავინ. ბოლო 10 წელიწადში ნაპოლი სეზონს ყველაზე ნაკლები მოლოდინით იწყებდა. ამ სეზონისგან მაქსიმალური მოლოდინი ჩემპიონთა ლიგის საგზური, ანუ ოთხეული და ახალი გუნდის საფუძვლების, მისი ფუნდამენტის შექმნა იყო.

ლუჩანო სპალეტი: 'როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა ნაპოლის მწვრთნელობა შემომთავაზა, გუნდი გარდამავალ ეტაპზე იყო. ბიუჯეტს წესრიგში მოყვანა, ხოლო გუნდს გაახალგაზრდავება სჭირდებოდა.'

სხვა ფაქტორიცაა. სპალეტის იტალიაში კარგი, თუმცა არასაჩემპიონო მწვრთნელის იმიჯი აქვს. ამიტომ, სარის შემდეგ, მაგალითად, კარლო ანჩელოტისგან, ან რაფა ბენიტესისგან ბევრს ელოდნენ, მათ შორის სკუდეტოსთვის ბრძოლასაც. ამ მწვრთნელებს იტალიაში ჩემპიონის იმიჯი აქვთ, ტიტულის მომგები ხალხის. და სპალეტი?! სპალეტის გუნდი ყოველთვის ხვდება ჩემპიონთა ლიგაში, თუმცა ვერასოდეს ვერაფერს იგებს - ასე გამოიყურებოდა ამ კაცის საფეხბურთო რეზიუმე. სწორედ ამიტომ, წლევანდელი სკუდეტო უფრო დაუჯერებელი და მოულოდნელია, ვიდრე დიეგოს ეპოქის. ორივე ამ სკუდეტოს, ორივე ამ ეპოქას თავისი ხიბლი და მაგია აქვს. და ზოგადად, ნეაპოლში არ შეიძლება სკუდეტო ჩვეულებრივი ამბავი იყოს. ამაზე კიდევ ქვემოთაც გეტყვით.

აურელიო დე ლაურენტისი: „ჩვენი არავის სჯეროდა. თითქმის არავინ იცნობდა იმ ბიჭებს, რომლებიც ჩვენ ამ ზაფხულში ვიყიდეთ“

როგორ თამაშობს ნაპოლი?

ლუჩანო სპალეტი იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა სისტემური ფეხბურთის დაყენებაში. წლევანდელი ნაპოლიც თანამედროვე ფეხბურთის ორ ყველაზე მთავარ მოთხოვნას - მაღალი პრესინგი და ბურთის დაცვიდან გათამაშებით მეტოქის პრესინგის გადალახვა იდეალურად პასუხობდა.

სპალეტის დაეხმარა ისიც, რომ ნაპოლი წლობით მსგავს სისტემაში და მსგავსი საფეხბურთო ფილოსოფიით თამაშობდა. ზემოთ ხსენებული 'სარი-ბოლი', ანუ მაურიციო სარის მიერ წლობით შექმნილი სისტემა სწორედ ამ სათამაშო ფილოსოფიას ეფუძნებოდა. მოკლედ, სპალეტის კარგი ფუნდამენტი დახვდა. შემთხვევითი არ არის, რომ სარის სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი, სისტემის შემოქმედი მოთამაშე ჟორჟინიო იყო - საყრდენის პოზიციაზე მოთამაშე ნახევარმცველი, რომელიც არა დაცვითი უნარებით, არამედ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პასის კულტურით, მეტოქის პრესინგიდან პასით ამოსვლის უნარითა და ბურთის მოძრაობით გამოირჩეოდა.

შეიძლება, სპალეტის გუნდში უმთავრესი ვარსკვლავები ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან, თუმცა ნაპოლის სისტემას, მის სტილს და სათამაშო ხასიათს ყველაზე უკეთ სტანისლავ ლობოტკა განსაზღვრავს. ჟორჟინიოს მსგავსად ლობოტკაც ძალიან მაგარია შეტევის დაწყებისა და ბურთის გათამაშების დროს, მეტოქის ყველაზე მაგარი პრესინგისასაც კი. ლობოტკას თამაშში საშუალოდ 60-ზე მეტი პასი აქვს - ფენომენალური 94-პროცენტიანი სიზუსტით. ზუსტი პასების 94 პროცენტი, თანაც მოედნის ცენტრში, იმ ზონაში, სადაც სივრცეები თითქმის არ არის, არანორმალურად მაღალი მაჩვენებელია - მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ლობოტკა ბურთს არ კარგავს.

ლობოტკა ნაპოლის ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია
ლობოტკა ნაპოლის ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია

შედარებისთვის: არც მანჩესტერ სიტიში, არც ბარსელონაში, ანუ პასის კულტურით და ბურთის გათამაშებით გამორჩეულ გუნდებში, არავინ იყო ამ სეზონში, ვისაც ზუსტი პასების მაჩვენებელი ლობოტკაზე უკეთესი ჰქონდა. როდრის ეს მაჩვენებელი 91 პროცენტია, სერხიო ბუსკეტსის - 88, ხოლო ბაიერნის იოზუა კიმიხის - 89.9.

სპალეტი ლობოტკას ანდრეს ინიესტას ადარებს, თუმცა თუ ლეგენდებთან შედარებაა, ის უფრო ჩავის მაგონებს. ლეგენდარული კატალონელივით მასაც სიმძიმის დაბალი ცენტრი აქვს, ძალიან სწრაფად ტრიალდება ორივე მხარეს, კარგად ფლობს კორპუსს და ერთი შეხედვით არცთუ ისე დიდი სისწრაფის ფონზე, შეუძლია, თავისი ბურთის ფლობის ტექნიკით მოწინააღმდეგეს დაუსხლტეს და მისი პრესინგიდან დრიბლინგით ამოვიდეს (მაგალითად, ჟორჟინიოს ეს არ შეეძლო, ის მხოლოდ პასით ამოდიოდა დაცვიდან შეტევაში).

ზოგადად, ნაპოლიში არ არის მოთამაშე, რომელსაც პასში თამაში არ ეხერხება. შედეგად, სპალეტის გუნდი არამხოლოდ სერია A-ს ლიდერი იყო თამაშში ბურთის ფლობის საშუალოდ 62-პროცენტიანი მაჩვენებლით, არამედ ერთადერთი იყო, რომელიც 60 პროცენტს გადასცდა.

ნაპოლი საშუალოდ თამაშში 18-ჯერ ახერხებს, ჰქონდეს ბურთის გათამაშება 10 და მეტი პასით - ანუ მეტოქე ბურთს დასდევს, ბურთი კი არ არის. სპალეტის გუნდი ლიდერი იყო გადაცემების რაოდენობითაც - თამაშში საშუალოდ 623 გადაცემა, საიდანაც მხოლოდ 7 პროცენტი (47 გადაცემა) არის გრძელი პასი. ნაპოლი თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებს, გვარდიოლას იდეალებს და სარის მიერ შექმნილ საფუძველს მიჰყვება - ელიტურ დონეზე იჭერს და ათამაშებს ბურთს. ამ მხრივ, არამხოლოდ იტალიაშია საუკეთესო, ევროპაშიც ცოტა კონკურენტი ჰყავს.

ეს მოთამაშეების პირადი თვისებების გარდა, სპალეტის მიერ გამართული სისტემის დამსახურებაცაა. ბურთის გათამაშება კოლექტიური და სინქრონული ხელოვნებაა, სტანდარტული მოძრაობები, ავტომატიზმი და დაყენებული კომბინაციები გჭირდება. სპალეტის გუნდი ამ მხრივ ძალიან მაგრად არის მომზადებული.

ანგისას თამაშში 61 პასი აქვს და ამ მაჩვენებლით არ ჩამორჩება ლობოტკას
ანგისას თამაშში 61 პასი აქვს და ამ მაჩვენებლით არ ჩამორჩება ლობოტკას

პრესინგის გადალახვის და მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანის დროს, ლობოტკასთან ერთად, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთ ცენტრალურ ნახევარმცველს - ზამბო ანგისას. მას თამაშში 61 პასი აქვს და ამ მაჩვენებლით არ ჩამორჩება ლობოტკას. ასევე ძალიან მაღალი, 88-პროცენტიანი სიზუსტით ასრულებს გადაცემებს და მისი ფიზიკური ძალის და სისწრაფის წყალობით კარგად მიდის დრიბლინგში, შეუძლია მეტოქის პრესინგის გარღვევა და ბურთის მეტოქის ნახევარზე სახიფათო სივრცეებში გადატანა. ანგისას თამაშში 2.1 ამ ტიპის დრიბლინგი ჰქონდა (იმდენივე, რაც ფლანგის შემტევ პოლიტანოს).

არის სხვა ფაქტორიც: წინა ხაზში ნაპოლის ოსიმენი და კვარაცხელია ჰყავს. როგორ გინდა ნაპოლის წინააღმდეგ სცადო მაღლა ამოსვლა, პრესინგი და დიდი ძალებით მეტოქის ნახევარზე გადასვლა, როცა შენს ზურგს უკან სივრცეში ხვიჩა რჩება მისი ფანტასტიური დრიბლინგით (თამაშში 5.7 დრიბლინგით ის ჰანდიკაპით უსწრებს ყველა სხვა ნეაპოლელს). ამ წამოწყების ყველაზე ნათელი მსხვერპლი ლივერპული აღმოჩნდა, რომელმაც ტრადიციულად მაღალი პრესინგის თამაში და დიდი ძალებით მეტოქის ნახევარზე გადასვლა სცადა და აღმოაჩინა, რომ სივრცეში ხვიჩას დატოვება საფეხბურთო სუიციდია. არ შეიძლება, ამ ტექნიკის მქონე ფეხბურთელი სივრცეში ბურთით დატოვო. როგორც კი კვარას აქვს სივრცე და ბურთი, ის შეუჩერებელია. ამ სეზონში თავისი ინდივიდუალური ისტატობის წყალობით უკვე შეაგდო რამდენიმე დიდებული გოლი.


სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წრეში, ნებისმიერი მეტოქე არჩევს, რომ ნაპოლის დაცვაში შეხვდეს, სივრცეები შეზღუდოს და ხვიჩას წინააღმდეგ ორმაგ მეურვეობას და დაზღვევას მიმართოს. მაგალითად, მილანმა და ინტერმა ნაპოლისთან სწორედ ამ ტიპის თამაშით მიაღწიეს წარმატებას.

ზემოთ ხვიჩას ფაქტორი ვახსენე: კვარაცხელია არამხოლოდ 10 გოლით და 12 გადაცემით (33 ტურის მონაცემებით) ნაპოლის საუკეთესო ასისტენტი და მეორე ბომბარდირია, არამედ შემტევი თამაშის ორგანიზებისთვის გადამწყვეტი მოთამაშე. სპალეტის გუნდის შეტევების უდიდესი ნაწილი, 40 პროცენტი, მარცხენა ფლანგიდან მიდის (მარჯვნიდან 35, ხოლო ცენტრიდან - 25).

ზემოთ, სპალეტის მიერ თამაშის ორგანიზებაც ვახსენე და ისიც, რომ წლების მანძილზე ამ გუნდს თამაშის ერთიანი სტრუქტურა, სისტემა და ფილოსოფია ჰქონდა. წლების მანძილზე, ჯერ კიდევ სარის დროიდან მოყოლებული, ნაპოლის უფრო აქტიური, შემოქმედი მარცხენა ფლანგი (გულამი-ინსინიე) და თამაშის ორგანიზების მხრივ უფრო პასიური მარჯვენა ფლანგი ჰყავდა. წლების მანძილზე ინსინიეს საქმე შემტევი თამაშის ორგანიზება, საგოლე პასები და დრიბლინგი იყო, ხოლო მარჯვენა ფლანგზე დრის მერტენსი ძალიან მაგრად შერბოდა უბურთოდ მეტოქის საჯარიმოში და ეპიზოდურად მეორე ფორვარდის როლს ითავსებდა. სპალეტიმ ნაცადი სისტემა და სტრუქტურა არ შეცვალა.

მერტენსის როლს ახლა ლოსანო ასრულებს, რომელსაც საუკეთესო სეზონი არ ჰქონია, თუმცა სტრუქტურულად იგივე ტიპის მოთამაშეა - მეტოქის ზურგს უკან უბურთოდ შერბენა ეხერხება. ინსინიეს როლი ხვიჩამ შეითავსა, ოღონდ ნაპოლის ყოფილი კაპიტნისგან განსხვავებით, ხვიჩა ბევრად უფრო ძლიერი მოთამაშე აღმოჩნდა - უფრო სწრაფი, ფიზიკურად უფრო ძლიერი, უკეთესი დარტყმით, უფრო იოლად მიდის ორივე მხარეს (ინსინიე მარცხნივ თითქმის არასოდეს მიდიოდა) და მოედნის უკეთესი ხედვით. პირველივე წელს ხვიჩამ ისე ითამაშა, რომ ლორენცო ინსინიეს ასეთი სეზონი ახლოსაც კი არასოდეს ჰქონია.

ინსინიესთან შედარებით ხვიჩა ბევრად უფრო ძლიერი მოთამაშე აღმოჩნდა
ინსინიესთან შედარებით ხვიჩა ბევრად უფრო ძლიერი მოთამაშე აღმოჩნდა

მარცხენა ფლანგზე აქცენტის გაკეთების და ხვიჩას ფაქტორის დამსახურებაა, რომ ნაპოლის შემტევი თამაში სწორედ აქედან ორგანიზდება. ნაპოლის სამი ლიდერი იმ გადაცემების რაოდენობით, რომელთაც თანაგუნდელი გაჰყავთ დასარტყმელ პოზიციაზე, მარცხივ თამაშობს.

ბევრისთვის გასაკვირად, ამ კატეგორიაში მარიო რუი ლიდერობს. მას თავისი პასებით თანაგუნდელები თამაშში 2.1-ჯერ გაჰყავს დასარტყმელ პოზიციაზე. საქართველოში რუი არ უყვართ და ობიექტურად, ბევრი სისუსტე აქვს (მაგალითად, დაცვით ფაზაში), თუმცა სტრუქტურულად საჭირო მოთამაშეა. მეორე ადგილზე ამ კომპონენტში პიოტრ ჟელინსკია, მარცხენა შუა ნახევრამცველი - თამაშში 2 ამ ტიპის გადაცემით, მესამეზე კი - ხვიჩა, თამაშში 1.7 ასეთი პასით.

მაგალითად, ასე გავიდა გოლი რომასთან - მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია-ჟელინსკი-რუის სამეულმა ბურთი გაათამაშა, ხვიჩამ თავისი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით სივრცე შექმნა და მეტოქეები შემოიკრიბა, მერე მარიო რუისთან ბურთი გაათამაშა, ღია სივრცეში შეირბინა და ოსიმენზე მაგარი პასი გააკეთა. ნიგერიელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო. არამხოლოდ ძალიან ეფექტური გოლია, არამედ ნათლად აჩვენებს, თუ როგორ არის ნაპოლის შეტევაში სისტემური პრიორიტეტები დალაგებული.


სწორედ ეს სამეული ლიდერობს საგოლე გადაცემების რაოდენობითაც - ხვიჩას 10 პასზე უკვე გითხარით, ჟელინსკის 7 საგოლე გადაცემა აქვს, რუის კი - 6.

ხვიჩას გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ოსიმენი. ნიგერიელი არაადეკვატურად ძლიერია ფიზიკურად და ამავე დროს ძალიან სწრაფია. ჩვეულებრივ, კლასიკური ცხრიანი, ლევანდოვსკის ტიპის ფორვარდი, ასეთი სწრაფი არ უნდა იყოს. ოსიმენი ძალიან კარგად თამაშობს თავით, კარგად იღებს ბურთს კორპუსით, ეხერხება გრძელი გადაცემების მიღება. ამავე დროს ის ძალიან კარგად შერბის სივრცეებში და იღებს იქ გადაცემებს. ოსიმენის სახით ნაპოლის ერთდროულად ჰყავდა თავდამსხმელი როგორც კლასიკური ცხრიანის, ისე მსუბუქი და მობილური ფორვარდის თვისებებით. სწორედ ამიტომ, ნაპოლისთან პრესინგის და აგრესიული ზეწოლის თამაშს აზრი არ აქვს - არამხოლოდ ხვიჩას შეუძლია დრიბლინგით ამოსვლა, არამედ ნაპოლის ყოველთვის შეუძლია ღია სივრცეში გრძელი გადაცემებით ვიქტორ ოსიმენის მომარაგება.

სასუოლო პრესინგზე ამოდის და სივრცეებს ტოვებს - გრძელი გადაცემა და ოსიმენი სივრცეში შერბის
სასუოლო პრესინგზე ამოდის და სივრცეებს ტოვებს - გრძელი გადაცემა და ოსიმენი სივრცეში შერბის

ხვიჩამ და ოსიმენმა თავისი გოლებით და საგოლე პასებით ამ სეზონში ნაპოლის გოლების 75 პროცენტამდე შექმნეს. ოსიმენის წყალობით, მსუბუქ და ტექნიკურ ნაპოლის არასოდეს აკლდა ძალა და ათლეტიზმი. ნაპოლიმ 17 გოლი შეაგდო თავით. ოსიმენის გარდა, თავით ძალიან კარგად თამაშობენ კიმი და რაჰმანი, ასევე ძალიან სახიფათოდ შერბის მეორე ტემპით კვარაცხელია, რომელსაც ინსინიესგან განსხვავებით, აქვს კლასიკური ფორვარდის ალღო და კარგად ითავსებს მეორე თავდამსხმელის ფუნქციებსაც. საინტერესო იყო, რომ ნაპოლიმ ამ სეზონში 30 პროცენტით უფრო ხშირად აწვდიდა ფლანგებიდან - ესეც ოსიმენის ფაქტორია.


ბურთის გათამაშების გარდა, ნაპოლი ძალიან კარგად მიდის თავად პრესინგში. სპალეტის გუნდი ჩვეულებრივ მეტოქის ნახევარზე მოედნის 8 მოთამაშით გადადის და თავის ნახევარზე მხოლოდ ცენტრალური მცველების დუეტს - კიმს და რაჰმანის ტოვებს. მეტოქის ნახევარზე აქტიურად მიდის ორივე განაპირა მცველი - მარიო რუი, რომელიც უფრო ფლანგიდან აქტიურობს და ჯოვანი დი ლორენცო, რომელიც ხშირად მეტოქის საჯარიმოშიც ერთვება და ეპიზოდურად ფორვარდიც კი არის. თამაშში ნაპოლი საშუალოდ ათჯერ ართმევს მეტოქეს ბურთს მისი საჯარიმოს სიახლოვეს.

მსგავსი ტაქტიკით თამაშის დროს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ ცენტრალურ მცველებს - მათ მეტოქის ფორვარდებს ინდივიდუალური დუეტები უნდა მოუგონ, პრესინგიდან ამოსვლის საშუალება არ მისცენ და საკმაოდ დიდი სივრცე დაიცვან. მისი საუკეთესო წლების კულიბალი სწორედ ასე თამაშობდა. სენეგალელის წასვლის შემდეგ ყველა ელოდა, რომ ნაპოლის დაცვაში დიდი პრობლემები ექნებოდა. ხვიჩას ტრანსფერის შემდეგ სერია A-ს და შესაძლოა მთელი ევროპული ფეხბურთის საუკეთესო შენაძენი ალბათ ფენერბაჰჩედან სამხრეთკორეელი კიმის შეძენა გახლდათ. ყველასთვის მოულოდნელად, კიმი ამ სეზონში მთელს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო (მაგალითად, ნაპოლის მიერ შესრულებული ჩაჭრების და გამოტანების მეოთხედი სწორედ მასზე მოდის).

კორეელი ძალიან აგრესიული და სწრაფია, კარგად იცავს თავს ჰაერში და ორთაბრძოლებში. ძალიან ცოტა მოთამაშეს შეუძლია თქვას, რომ ოლივიე ჟირუს ჯანში და ჭიდაობაში მოუგებს. ცოტა ხნის წინანდელი ნაპოლი-მილანი თუ გახსოვთ (მილანური შეხვედრა), კიმმა ჟირუს აბსოლუტურად ყველა ორთაბრძოლა მოუგო - ბურთი არ მიაღებინა.

ძალიან ცოტა მოთამაშეს შეუძლია თქვას, რომ ოლივიე ჟირუს ჯანში და ჭიდაობაში მოუგებს
ძალიან ცოტა მოთამაშეს შეუძლია თქვას, რომ ოლივიე ჟირუს ჯანში და ჭიდაობაში მოუგებს

სპალეტის სისტემური ფეხბურთი აქამდეც კარგად მუშაობდა, თუმცა სკუდეტოსთვის საკმარისი არ იყო. ამ სეზონში სისტემურ გამართულობასთან (პრესინგი, ბურთის გათამაშება, დაცვიდან შეტევაში გადასვლა) ერთად ნაპოლის ასეთი დომინანტი სკუდეტო ამ ოთხეულის (კიმი, ლობოტკა, ხვიჩა, ოსიმენი) ინდივიდუალურმა ოსტატობამააც მოაგებინა - თითოეული მათგანი ამ სეზონში თავის პოზიციაზე ევროპაში საუკეთესოებს შორისაა.

ინდივიდუალური წარმოდგენების გარდა, ნაპოლის ძალიან სწორი სტრატეგია ჰქონდა სეზონისთვის. კონკურენტების ჩავარდნის ფონზე, სპალეტის გუნდმა თავიდანვე სეზონი ფორმის პიკში დაიწყო, შემდეგ გამოიყენა მუნდიალის პაუზა და იანვარსაც იდეალურ სათამაშო ფორმაში შეხვდა. ნაპოლის დაღლა მხოლოდ ბოლო ერთი თვის მანძილზე დაეტყო, რაც არცთუ ისე გრძელი სათადარიგო სკამის ფონზე ლოგიკურიცაა.

ფიზიკურთან ერთად, ნაპოლის სეზონის მართვის კარგი სტრატეგია ჰქონდა ფსიქოლოგიურ დონეზეც. ზემოთ გითხარით, რომ ნაპოლი ისტორიულად ზედმეტად ემოციური გუნდია - თავისი გულშემატკივრის უდიდესი ზეწოლის ფონზე, ბოლო ტურებში საჩემპიონო დაძაბულობის შეხვედრები არააერთხელ წაუგია. კბილებით, ბრძოლით მოგება ნაპოლის სტილი არ არის - განსხვავებით, მაგალითად, იგივე იუვენტუსისგან. ნაპოლის დომინანტურმა სტარტმა და ისტორიულად კარგმა პირველმა ნახევარმა ისეთი ფორა შეუქმნა, რომ მეორე წრე გუნდმა ემოციური სტრესის გარეშე, ჰანდიკაპით ითამაშა.

როგორ ქმნის ნეაპოლი გმირებს

‘არავის უყვარს თავისი გმირები ისე, როგორც ნეაპოლს’ - ლუჩანო სპალეტიმ ეს მოგებული სკუდეტოს შემდეგ თქვა. მართალიცაა: ნეაპოლში ფეხბურთი ყველაზე მეტად არის ადგილობრივი საფეხბურთო იდენტობის, მისი დნმ-ის ნაწილი. ნეაპოლი ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებულია - თავისი ცხოვრების წესით, დიალექტით, სამზარეულოთი და მენტალობით. ის ან უნდა გიყვარდეს ან გძულდეს, გულგრილი და ინდიფერენტული ვერ იქნები.

იტალიაში ნეაპოლელები ხშირად არ უყვართ ხოლმე. ცოტა ზემოდანაც უყურებენ (განსაკუთრებით ჩრდილოეთში) და დასცინიან. მათ ბევრ რამეს წამოაძახებენ - ექსტრავაგანტულობას, უცნაურ აქცენტს, თავისებურ მეტყველებას და დიალექტს, გადაჭარბებულ ცრუმორწმუნეობას, ეკონომიკურ პრობლემებსა თუ ‘კამორას’, ადგილობრივ და ყოვლისშემძლე მაფიას.

სწორედ ამიტომ, ნეაპოლს ყოველთვის ჰქონდა მცირედად არასრულფასოვნების კომპლექსი. უფრო სწორად თუ ვიტყვი, ნეაპოლს ყოველთვის სჭირდებოდა გამარჯვება იმისთვის, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მათი იმპულსურობა და ემოციები, მათი ხასიათი და კულტურა დასაცინი და ზემოდან საყურებელი კი არა, პატივსაცემია. ნეაპოლი რაღაცნაირად მარტოდ გრძნობს თავს - მას მოკავშირეები არ ჰყავს. მარტო ყველას წინააღმდეგ - ეს არის ნეაპოლელის მსოფლაღქმა და ის ამ სიმარტოვეში ყველაზე ამაყი და ბედნიერია.

ერთადერთი რამ, რაშიც ნეაპოლს შეუძლია, რომ მაგალითად, მილანს მოუგოს, ფეხბურთია - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი თამაში ამ ქალაქისთვის. თამაშიც არა, ფეხბურთი და ნაპოლი ამ ქალაქის სულია, მისი იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ნაპოლის გულშემატკივრობა ტანჯვასაც ნიშნავს, მარცხთან შეგუებასაც და იმედების თუ ოცნებების მსხვრევასაც. ეს ისტორიულად ასეა. ნაპოლი გამარჯვებას ათწლეულები ელოდებოდა - ამაყი და ტანჯული ამ თავის წაგებების ისტორიაში.

ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ დიეგო მარადონამ ნაპოლის პირველი და უკანასკნელი გამარჯვება არ მოუტანა. დიეგოს ლეგენდა დიდწილად დგას ნაპოლის, ამ მუდამ წაგებული გუნდის ჩემპიონად ქცევაზე. დიეგო საფეხბურთო ღმერთად დიდწილად სწორედ ნაპოლიმ აქცია. აქ ჩემპიონობას სხვა ფასი აქვს და ეს ფასი განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე მილანში, ტურინში ან თუნდაც რომში.

1990 წელი: დიეგო მარადონას და კარლო ანჩელოტის ორთაბრძოლა
1990 წელი: დიეგო მარადონას და კარლო ანჩელოტის ორთაბრძოლა 

თავად მარადონას ფაქტორი და ის ლეგენდარული გუნდი ნაპოლის და ნეაპოლს რაღაც ზღაპრული, ლეგენდარული შარავანდედით მოსავს. პაულო სორენტინო, ოსკაროსანი რეჟისორი და ნეაპოლის ყველაზე დიდი და ცნობილი შვილი, სიკვდილს სწორედ დიეგომ გადაარჩინა. სორენტინოს მთავარი და ერთადერთი თხოვნა, მისი მუდმივი ბავშვური სატკივარი ის იყო, რომ მშობლებს ნაპოლის გასვლითი შეხვედრების დროს სხვა ქალაქებში დიეგოს საყურებლად გაეშვათ.

როდესაც ის ნაპოლის ემპოლიში გაყვა, სწორედ იმ ღამეს, მისი მშობლები გაზის გაჟონვის გამო გარდაიცვალნენ. სორენტინო ყოველთვის აღნიშნავს, რომ მარადონამ მას სიცოცხლე აჩუქა და ამიტომაც ის მუდმივად ვალშია ნაპოლის უკვდავ ათიანთან. ნეაპოლში ფეხბურთი ასეთი ისტორიების ნაწილია, ასე იქცევა მითოსად. სორენტინოს ამბავი საყოველთად ცნობილია რეჟისორის ცნობადობიდან გამომდინარე, თორემ ისე, მგონია, რომ ყველა ნეაპოლელს აქვს რაღაც მსგავსი ჯადოსნური, მაგიური თუ ლეგენდარული ისტორია ნაპოლისთან და მარადონასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მართლაც სჯერათ, რომ დიეგო ღმერთია და მისი გამოსახულება სახლებში ხატების გვერდით უკიდიათ.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს?! იმის თქმა მინდა, რომ ეს ნაპოლი და უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელია უკვე ლეგენდის, მითოსის ნაწილია. "დიეგომ იმ ქვეყნიდან გამოუშვა ხვიჩა, ახალგაზრდა ჯადოქარი, იმისთვის, რომ მისი საქმე გაეგრძელებინა და ნაპოლისთვის თავისი ჯადოსნური სტილით ახალი გამარჯვება მოეტანა" - თქვენ ამ ფრაზაზე შეიძლება ახლა გეღიმებათ, თუმცა ნეაპოლურ მითოსში, ცრუმორწმუნეობის, საფეხბურთო ფანატიზმისა და თავისებური რელიგიურობის ნაზავში, სწორედ ასეა. 

დიეგო და ხვიჩა - მურალი ნეაპოლში
დიეგო და ხვიჩა - მურალი ნეაპოლში

ეს ყველაფერი ერთ წელიწადში სხვაგან ალბათ ვერსად ვერ გამოვიდოდა. თუმცა ნეაპოლში მოგებული ერთი სკუდეტო, 5:1 იუვენტუსთან და ხვიჩას ზღაპრული გოლები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ხვიჩამ და ამ ნაპოლიმ საფეხბურთო უკვდავება მოიხვეჭონ. სანამ ნეაპოლი იარსებებს, კვარა და სპალეტის გუნდი ამ ქალაქის, მისი ლეგენდების, ისტორიების და სიმღერების ნაწილი იქნება.

ნაპოლის შესახებ ბევრი ემოციური ვიდეო დაიდო, ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. თუმცა, ამ ყველაფრის ახსნას აზრი მაინც არ აქვს - ნეაპოლელი თუ არ ხარ, სრულფასოვნად მაინც ვერ იგრძნობ, ეს გამარჯვება მათთვის რას ნიშნავს. ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური ერთი ახალგაზრდა კაცის პირველი საჩემპიონო მომენტი იყო - სტადიონიდან სახლში ზარი და: „დედა, იტალიის ჩემპიონები ვართ. რა ბედნიერი ვარ, ნეაპოლელად რომ დავიბადე“.

ასეთ დროს ხვდები, რატომაა ფეხბურთი ცხოვრებაზე დიდი თამაში.