ჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

ჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის 1:1 დასრულდა, ნეაპოლური გუნდი ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„სან სიროზე“ 0:1 წაგების შემდეგ „ნაპოლის“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკუთარ მოედანზე გამარჯვება სჭირდებოდა, თავიდანვე შეუტია, კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ბურთს მეკარე მენიუ დაეუფლა. 21-ე წუთზე კი მარიო რუიმ საჯარიმოში ლეაო წააქცია და ჟირუს პენალტი მერეტმა არ გაატანინა. ისევ გადავიდნენ იერიშებზე მასპინძლები, ხვიჩას კალაბრია ყურადღებით მეურვეობდა, ზილენსკიმ მომენტი ვერ გამოიყენა, მერე „მილანს“ კიდევ ერთი შანსი მიეცა, როდესაც ჟირუს ახლო მანძილიდან

დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. მწვრთნელ სპალეტის პირველივე ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია - ტრავმირებული მარიო რუისა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და ლოსანო შეუშვა. ლოსანო მაშინვე სახიფათოდ შეიჭრა საჯრიმოში, ლეაოსთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, თუმცა var-მა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 43-ე წუთზე ლეაო მცველებს გაექცა და ჟირუს გაატანინა. მოკლედ, "ნაპოლი" უპირატესობას ფლობდა, "მილანი" კონტრიერიშებზე უფრო სახიფათო მომენტებს ქმნიდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი „ნაპოლი“ შესვენების შემდეგ ისევ გადავიდა შეტევაზე, ქართველი კალაბრიას და ბრაიმ დიასს ორჯერ გაექცა და ორივეჯერ ააცილა მიზანს. ლომბარდიული გუნდი თავს უნარიანად იცავდა, ოსიმენამდე ბურთი თითქმის არ მიდიოდა, კიაერი მას გასაქანს არ აძლევდა. მე-80 წუთზე დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტომორის მოხვდა, ხოლო პენალტი კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე მცველებს ესტეგორმა დაასწრო და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო მენიო. ბოლოს ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა და მალე მატჩიც დასრულდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 728 მაყურებელი
ნაპოლი - მილანი 1:1
გოლები: 0:1 ჟირუ (43), 1:1 ოსიმენი (90+3)

გამოუყენებელი პენალტი: ჟირუ (23), კვარაცხელია (82)